გიორგი ქოჩორაშვილით ესპანური კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილით ესპანური კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგიდან“ მიდის – ქართველ ნახევარმცველს ლა ლიგის ოთხი კლუბი იწვევს, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.

„გიორგი ქოჩორაშვილით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და, სავარაუდოდ, 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ესპანეთში დაბრუნდება, სადაც მან თავი კარგად წარმოაჩინა.

„სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილმა 50 მატჩიდან მხოლოდ 24-ში ითამაშა. აქედან სასტარტო შემადგენლობაში ცხრაჯერ იყო და, ჯამში, მოედანზე 964 წუთი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, ყველაზე რეალურ სცენარად მისი იჯარით გაშვება განიხილება, სასურველ მიმართულებად კი ესპანეთი სახელდება.

ქოჩორაშვილმა განსაკუთრებით წარმატებით სწორედ „ლევანტეში“ ითამაშა და ვალენსიურ კლუბს ლა ლიგაში აღზევებაში დაეხმარა. ესპანურმა გუნდმა ფეხბურთელის დაბრუნების სურვილი იანვარშიც გამოთქვა. თუმცა, „ლევანტე“ ამჟამად გასავარდნ ზონაშია და თუ კლუბი ლა ლიგას დატოვებს, ჩემპიონთა ლიგის გუნდში გატარებული სეზონის შემდეგ ფეხბურთელის მეორე დივიზიონში დაბრუნება რთული წარმოსადგენი იქნება.

თუმცა ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესს სხვა ესპანური კლუბებიც იჩენენ – „ხეტაფე“, „ჟირონა“ და „რაიო ვალეკანო“. 26 წლის ნახევარმცველის მომავალი იმ შეთავაზებებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც „სპორტინგს“ მოლაპარაკებების დაწყების საფუძველს მისცემს“, – წერს „ა ბოლა“.