გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ მოიგო და ლა ლიგა 2-ში მესამე ადგილზეა, ნიკა გაგნიძემ უკრაინის ჩემპიონატში გაიტანა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ გასვლით შეხვედრაში „ელდენსესთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში წინსვლა შეძლო – 2:1.
ლა ლიგა 2-ის 29-ე ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 82 წუთი ითამაშა და მოედნის დატოვებისას საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.1 ქულა მიიღო.
„ლევანტემ“ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით ქულათა რაოდენობა 50-მდე გაზარდა და ლა ლიგა 2-ში მესამე ადგილზე (ლა ლიგის პლეიოფის ზონაში) გადავიდა. ამასთან, ლიდერ „უესკას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
ნიკა გაგნიძემ უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ კოვალივკას „კოლოსი“ გიორგი კუციას რივნეს „ვერესთან“ გასვლით შეხვედრაში მაინც დამარცხდა – 1:2.
ორივე ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. ანგარიში „ვერესმა“ მე-5 წუთზე კრასნიკის ავტოგოლით გახსნა. გაგნიძემ წონასწორობა 30-ე წუთზე, ფლანგური გადაცემის შემდეგ აღადგინა, თუმცა ხარატინმა 90+8-ე წუთზე პენალტით მასპინძლებს გამარჯვება მაინც მოუტანა.
დანიის სუპერლიგაში „ოლბორგმა“ გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ მიიღო, მატჩი 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.