გიორგი ქოჩორაშვილი - თავმდაბალი ადამიანი ვარ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - თავმდაბალი ადამიანი ვარ #1TVSPORT

ესპანურმა რადიომ, COPE-მ ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც საკუთარ კარიერაზე, გიორგი მამარდაშვილზე, საქართველოს ნაკრებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პანდემიის დროს გულშემატკივრების მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც შემდეგ მათი მხრიდან მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მოულოდნელი იყო და სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად.

„ლევანტეში“ 2019 წელს გადავედი და მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია და წარმომიდგენია, ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის წინაშე გოლს როგორ ვიზეიმებდი. ახლა ეს ყველაფერი რეალობაა და ძალიან ბედნიერი ვარ. ცხადია, ტრავმების დროს ამ შეგრძნებას კარგავ, მაგრამ „ლევანტესა“ და „კასტელიონის“ (წინა სეზონში იჯარით თამაშობდა – რედ) ნდობამ ეს სიამოვნება დამიბრუნა.

ჩემთვის იდეალური პოზიცია? შემიძლია უბურთოდ თამაშიც, მაგრამ ბავშვობიდან ბურთს კარგად ვგრძნობდი – ხშირი შეხება მომწონს და მიყვარს. საქართველოში თამაში დავიწყე 6 ნომრის პოზიციაზე, ადგილს მიცვლიდნენ ხოლმე და თამაში სხვა პოზიციებზეც ვისწავლე. ისეთი ფეხბურთელობა მომწონს, რომელიც შეტევაშიც და დაცვაში დომინანტურ როლს ასრულებს – ფეხბურთელი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს იქ, სადაც მის გუნდს სჭირდება. თუ მაინცდამაინც არჩევანი უნდა გავაკეთო, ჩემთვის იდეალურ პოზიციად 6 ნომერს დავასახელებ.

ვცდილობ, თამაში მუდმივად გავაუმჯობესო. ყველა ფეხბურთელს მიაჩნია, რომ იმსახურებს თამაშს და უნდა, რომ მოედანზე ყოველი წუთი გაატაროს. რაც შეეხება კონკურენციას, ძალიან მიხარია, როცა ჩემს პოზიციაზე ორი-სამი მაღალი დონის ფეხბურთელია. ეს ზრდასა და წინსვლაში მეხმარება. შეიძლება, 3-4 მატჩი არ ითამაშო, მაგრამ ხომ ვარჯიშობ?

არასოდეს არავისი შემშინებია. ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად მიაქვს შრომას, რომელსაც ყოველთვის გავაგრძელებ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი წუთი მათამაშებენ. ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე გასულმა ყველაფერი გავიღო და გავაკეთო ის, რაც გუნდს სჭირდება.

წარუმატებლობა? არის რაღაცები, რაც უნდა დაივიწყო, მაგრამ ამისგან უნდა ისწავლო კიდეც. ჯარიმებზე ყოველი თამაშის წინა დღეს ვვარჯიშობთ. სტანდარტულებზე ბოლო 2-3 წელი ბევრს ვვარჯიშობ და თავდაჯერება შევიძინე. რაც შეეხება გოლს, ჯარიმის დანიშვნისას პაბლოს ვუთხარი, რომ გოლის შეგრძნება მქონდა და დავარტყამდი. „სტანდარტული“ იმ ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს, ვინც კონკრეტრულ მომენტში ყველაზე თავდაჯერებულია. ჩვენ ბევრი კარგი შემსრულებელი გვყავს – ეს გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა.

ბევრი თავისუფალი დრო არ გვაქვს. თუმცა, როგორც კი გამომიჩნდება, მე და გიორგი მამარდაშვილი ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. სანაკრებო შეკრებაზე კი დაახლოებით ათი დღე ვართ. მალე სანაკრებო შეხვედრებია და ძალიან გვინდა, რომ მოვიგოთ.

საქართველოში ფანების კუმირი მე არ ვარ. ასეთია ხვიჩა კვარაცხელია. ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ყველას ძალიან უყვარს. მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო. ესპანეთში ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები. გულშემატკივრებმა ჩემთან სურათები გადაიღეს. მაშინ მეგობრებმა მითხრეს, რომ ასე მათაც კი არ ვუყვარვარ“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.