გიორგი ქანთარია - 14 ქვეყანაში გვიყურებენ და იმედია, ძლიერ ლიგაში მიმიწვევენ
გიორგი ქანთარია - 14 ქვეყანაში გვიყურებენ და იმედია, ძლიერ ლიგაში მიმიწვევენ

გიორგი ქანთარიამ, რომელიც ბელარუსის ჩემპიონატში გროდნოსნემანის“ ღირსებას იცავს, საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან ძლიერ ლიგაში მიწვევის იმედი აქვს.

„ჩემს ტრანსფერზე ლაპარაკი ზამთარშიც იყო, მაგრამ კონკრეტული ვარიანტი არ ყოფილა და „ნემანში” დავრჩი. ახლა ევროპაში ერთადერთი ბელარუსის ჩემპიონატია, სადაც თამაშები ტარდება. რაც მე ვიცი, ამ ლიგის თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 14 ქვეყანაში გადასცემენ. ბოლო დროს, კარგი პრესაც მაქვს და იმედი გამიჩნდა, რომ უფრო ძლიერი ლიგის კლუბში მიმიწვევენ. იმედია, კონკრეტული ვარიანტები მალე გამოჩნდება“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქანთარია.

22 წლის ფეხბურთელმა არ დამალა, რომ კორონავირუსის ფონზე თამაში ძნელია: „ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე გასვლისას შიშისგან ვკანკალებ. ასე ნამდვილად არაა. აქ უსაფრთხოების ნორმებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იცავენ, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე ამბების ფონზე, თამაშისას გარკვეულ დისკომფორტს მაინც ვგრძნობ, ეს დასამალი არაა”.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსულმა გამოცემა „ტრიბუნამ“ ქანთარია ბელორუსის ჩემპიონატში ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ, საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად დაასახელა. გროდნოს „ნემანის“ ქართველ ნახევარმცველს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ორთაბრძოლებში, ართმევებში და ერთ-ერთი ლიდერია წარმატებული დრიბლინგების რაოდენობითაც.