გიორგი ნემსაძე - ვაისის დარჩენამ გაამართლა
გიორგი ნემსაძე - ვაისის დარჩენამ გაამართლა

ასტანაში ყაზახეთის წინააღმდეგ გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, სტრატეგია და ხედვა. მთლიანობაში, ვლადიმერ ვაისის გაწეული ორწლიანი მუშაობის შედეგები ახლა გამოჩნდა, – ამის შესახებ პირველ არხს ვეტერანმა ფეხბურთელმა გიორგი ნემსაძემ განუცხადა.

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახეთთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას იმ ნდობის ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს, რაც ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერ ვაისს გამოუცხადა.

„მწვრთნელების გაუთავებელი შეცვლა-დანიშვნა ნაკრებისთვის დამღუპველი იყო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც, რის გამოც 25 წელიწადში ნაკრები მუდმივ რეგრესს განიცდიდა. შესაძლოა, გუნდმა ციკლი ჩააგდოს, მაგრამ მწვრთნელს დრო უნდა ჰქონდეს, რომ გუნდთან მუშაობა გააგრძელოს და შუა გზაზე არ მიატოვოს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით წინა ციკლში საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური შეხვედრა ვერ მოიგო. ფეხბურთის ფედერაციას შეეძლო, მასთან კონტრაქტი აღარ გაეხანგრძლივებინა. მაგრამ აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი გადადგა – თანამშრომლობა გააგრძელა და ეს საერთო საქმეს წაადგა”,- განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

ერთა თასის პირველ შეხვედრაში დღეს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორბურთიანი უპირატესობით მოუგო.