გიორგი ნემსაძე საქართველოს ნაკრებზე - დიდი პოტენციალი გვქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა
გიორგი ნემსაძე საქართველოს ნაკრებზე - დიდი პოტენციალი გვქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ საქართველოს პირველ არხთან ის მიზეზები დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, „ჯვაროსნებს“ დიდ საერთაშორისო ტურნირებზე მოხვედრაში ხელს უშლიდა.

„ეროვნული ნაკრების დაარსების შემდეგ, ჩვენ მართლა გვყავდა ისეთი თაობები, რომლებსაც შეეძლოთ დიდი წარმატებებისთვის მიეღწიათ. მაგრამ რეალურად ჩვენ საბჭოთა თაობა ვიყავით და კარგად არც ვიცოდით, მსოფლიოში რა ხდებოდა და რა დონის მეტოქეები გვყავდა. საფეხბურო კუთხით კარგად მომზადებულები ვიყავით, მაგრამ შესარჩევ ციკლში რომ გავედით, ფსიქოლოგიურად გაგვიჭრდა“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ამჟამად გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელია, საინტერესო მაგალითი მოიყვანა:

„ნაკრების ყველა წევრს გვქონდა ჟურნალებიდან ამოჭრილი ევროპელი კერპების სურათები. გავიდა დრო და მოედანზე მათ წინააღმდეგ თამაში მოგვიხდა. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიურად გვანგრევდა. მერე და მერე მივხდით, რომ არც ისე დიდი განსხვავება იყო. მაგრამ დრო გავიდა და ვერაფერს მივაღწიეთ. ამ ყველაფერს ახლანდელი გადასახედიდან რომ ვიხსენებ, გული ძალიან მწყდება, რადგან ჩვენი ფეხბურთელები ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშობდნენ და მართლაც დიდი პოტენციალის ნაკრები გვყავდა“.

გიორგი ნემსაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 წელი ითამაშა (1992-2004) და მისი ფორმით 69 მატჩი გამართა. აქედან 42 შეხვედრაში გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველი თამაშიდან 30 წელი გავიდა: 1990 წლის 27 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ „ჯვაროსნები“ ლიეტუვას ნაკრებს ამხანაგურად შეხვდნენ და 2:2 ითამაშეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი 1992 წელს გახდა. გუნდში იყვნენ გამორჩეული თაობები, რომლებმაც ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ დიდი საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს ნაკრები ერთხელაც ვერ მოხვდა.

საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში აჩვენა – ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავეს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში მონაწილეობის უფლება მიიღეს. ეს იყო პირველი შემთხევვა, როდესცა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა.