გიორგი ნემსაძე - საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს და ნებისმერი მოწინააღმდეგისთვის სახიფათო გუნდია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს ყველაზე წარმატებული პერიოდი წინ აქვს, რადგან გუნდის საშუალო ასაკი ძალიან ახალგაზრდულია და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობაც აქვს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „ჯვაროსნების“ ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ ისაუბრა.
ნემსაძე ორი წელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. ამ პერიოდში დაიწყეს სანაკრებო კარიერა ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა, ანზორ მექვაბიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა.
„მიხარია, რომ დღევანდელი ნაკრების ლიდერების განვითარებაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. ნიჭიერი ფეხბურთელები კიდევ ბევრნი არიან, მომავალში ისინი ნაკრებში დაწინაურდებიან და როგორც კვარაცხელიამ გვასახელა ევროპაში, ასევე შეძლებენ ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას. ვგულისხმობ, დავითაშვილს, მექვაბიშვილს, გულიაშვილს, მათთან ორი წელი ვიმუშავე და შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ.
ჩვენი ნაკრები არავისთვის საჩუქარი არაა და ნებისმერი მოწინააღმდეგისთვის სახიფათო გუნდია. დარწმუნებული ვარ, ამ თაობას ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია, რადგან რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22-23 წელია და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის მერე ისინი დიდ შედეგს მიაღწევენ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შანსებს რაც შეეხება, ყველაფერი შესაძლებელია. მოუთმენლად ველი, როდის იქნება ეს თამაშები და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.