გიორგი ნემსაძე - კარგი იქნებოდა, ის 8 წელი, რომელიც საკრებულოში გავატარე, მწვრთნელობისთვის მიმეხედა
გიორგი ნემსაძე - კარგი იქნებოდა, ის 8 წელი, რომელიც საკრებულოში გავატარე, მწვრთნელობისთვის მიმეხედა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ განაცხადა, რომ მწვრთნელობაზე ფეხბურთელობის დროსაც ფიქრობდა.

„მწვრთნელობაზე ფეხბურთელობის დროს ვფიქრობდი, სხვადასხვა მწვრთნელების ვარჯიშებს ვაკვირდებოდი და ბლოკნოტში ვიწერდი. მოკლედ, ამ საკითხზე ვფიქრობდი. მერე 8 წელი საკრებულოში ვიყავი და საქმეს ცოტა ჩამოვშორდი. კარგი იყო, ადრე დამეწყო. ამ ეტაპს უფრო ადრე გავივლიდი და მეტი გამოცდილება მექნებოდა და გული მწყდება“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გიორგი ნემსაძე.

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ საფეხბურთო ფილოსოფიაზე ილაპარაკა: „ჩემთვის მისაღები ლაღი, შემტევი ფეხბურთია, რაც ამ თამაშს ალამაზებს. ასე საკუთარ კარზე ნაკლებ დარტყმას იღებ. ამას ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე ვაკეთებ, რაც ჩვენთვის უფრო მისაღებია, რაც გულშემატკივარს უყვარს და ახალისებს. ეს მეტ აზროვნებასაც საჭიროებს. ტაქტიკური სქემებს რაც შეეხება, „დინამოსთან“ 3-6-1-ით ვითამაშე, ბათუმის „დინამოსთან“ კი 4-5-1 სქემა გამოვიყენე. გააჩნია ვის ვეთამაშებით. ყველა მეტოქეს ერთი სქემით ვერ ვეთამაშები“.

ნემსაძის თქმით, საჭიროა დისტანცია: „გუნდში საქმე და მეგობრობა თუ არ გამიჯნე ​და საქმეს შორის ზღვარი არ გექნება, გუნდი არ აშენდება. ეს არის საფუძველი, რასაც გუნდი უნდა ეფუძნებოდეს“.

გიორგი ნემსაძე აღნიშნავს, გუნდის სპონსორი სამუშაო პირობებს უქმნის: „მივედი გასავარდნ გუნდში და ადგილი შევინარჩუნეთ. თანამშრომლობა გაგრძელდა და ნდობა გაჩნდა. ცხადია, მილიონიან ფეხბურთელის ყიდვას არ ვთხოვ, ჩემს საქმეში კი არავინ ჩარეულა და ხელს ისე მიწყობენ, რა საშუალებაც გააჩნიათ“.

გორელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მიზნებზე ილაპარაკა: „თავიდან ხუთეულში ბრძოლა გვსურდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ უფრო მეტს მივაღწევდი და საბედნიეროდ, საქმე ასეც აეწყო, რომ გავლიდერდით. ისრაელიდან დამირეკეს, ხუთეულში მოხვედრა კი არა, სხვა გეგმა გქონიაო, კომპლიმენტად მითხრეს, მაგრამ ისეთი ჩემპიონატია, ერთი წაგებით, შეიძლება მეექვსე ადგილზე დავქვეითდეთ და ამიტომ ილუზიებში არ უნდა ჩავვარდეთ“.

მან ეროვნულ ლიგაში მაყურებლის პრობლემაც ახსენა: „მესმის, რომ ევროპაში ჩვენთან შედარებით ნაკლები ფინანსური პრობლემაა და ფეხბურთზეც მეტი ხალისით ფიქრობენ. ადრე 70 პროცენტს მაინც ჰქონდა პურის ფული, გასართობს ეძებდა და სტადიონზე დადიოდა. ახლა რთულია, „დინამოს“ სტადიონი სანახევროდ მაინც გაივსოს, მაგრამ ამბიციური გუნდები, ბიუჯეტების გაზრდა მეტ ინტერესს გამოიწვევს“.

48 წლის გიორგი ნემსაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში თამაშობდა, რომლის ფორმითაც 69 შეხვედრა ჩაატარა.