გიორგი ნემსაძე - კაცნაკლული რომ დავრჩით, გუნდს კონტრშეტევებზე თამაში მოვთხოვე
გიორგი ნემსაძე - კაცნაკლული რომ დავრჩით, გუნდს კონტრშეტევებზე თამაში მოვთხოვე

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც გუნდის წლევანდელი წარმატებები უკავშირდება, თბილისის „დინამოსთან“ მოგება შეაფასა.

„ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერობა კი არ შევინარჩუნეთ, არამედ, მოქმედ ჩემპიონს გასვლაზე მოვუგეთ და პირველობა განვიმტკიცეთ. წინა თამაშებში ხარისხს ვითხოვდი, შედეგისთვის რომ მიგვეღწია. „დინამოსთან“ ვიცოდი, რომ ის ხარისხი არ იქნებოდა, რადგან მთელი კონცენტრაცია იყო იმაზე, რომ დღეს შედეგი გვეჩვენებინა“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.

გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მეორე ტაიმში გუნდი კაცნაკლულად რომ დარჩა, ამის მიუხედავად, დაცვიდან თამაშს მიუღებლად მიიჩნევდა: „მოგებისთვის რომ იბრძოლებ, შესაძლოა, ფრეს მაინც გამოკრა ხელი, ფრეზე ფიქრით კი, შესაძლოა, წაგვეგო. ამიტომ მომხრე არ ვიყავი, დაცვაში ჩავმსხდარიყავით. ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ დაცვაში არ ჩამსხდარიყვნენ და კონტრშეტევებზე გვეთამაშა – სხვაგვარად მოგებაზე ვერ ვიფიქრებდით. ამანაც შედეგი გამოიღო. თუმცა, გამართლებაც იყო“.

გორის „დილა“ შემდეგ შეხვედრას 26 ივლისს ბათუმის „დინამოსთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს: „დღეს შედეგი ბრძოლამ გამოიღო. იგივე მიდგომა გვექნება ბათუმის „დინამოსთან“ და შემდეგ ტურში „საბურთალოსთან“. მთავარია, ბიჭები არ მოდუნდნენ და იმედია, წარმატებას მივაღწევთ“.