გიორგი ნემსაძე - „დინამომ“ ნაკრების ფეხბურთელებთან მოლაპარაკება დაიწყო (ვიდეო)

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ხარისხიანი ლეგიონერებისა და საქართველოს ნაკრების წევრების შესაძლო დამატების შესახებ ილაპარაკა.

„მირჩევნია, 2-3 ძვირადღირებული, მაგრამ კარგი ლეგიონერი ჩამოვიყავნოთ, ვიდრე 6 საშუალო, რომლებიც ქართველების ადგილს იკავებენ. საშუალო ფეხბურთელის უცხოეთიდან ჩამოყვანას სჯობს, ჩვენი გაზრდილები ვათამაშოთ“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ნემსაძემ.

მან დაადასტურა, რომ უცხოეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრების დამატება სურს:

„ამაზე არათუ ვფიქრობთ, რამდენიმესთან მოლაპარაკება წამოვიწყეთ. ზოგს უცხოეთში გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს. ზოგს ისევ უცხოეთში წასვლა სურს და თუ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება ვერ მოვახერხეთ, დავილაპარაკოთო. ეს ის ფეხბურთელები არიან, „დინამოს“ რომ გააძლიერებენ და რომლებითაც ქართველი გულშემატკივრები ამაყობენ“.

ნემსაძემ დაადასტურა, რომ რამდენიმე მოთამაშე გუნდს დატოვებს:

„მე და ჩემს წინამორბედს სათამაშო სქემაზე განსხვავებული ხედვები გვქონდა. გუნდს ის დატოვებს, ვინც ჩემს მონაზახში არ ჯდება. თუმცა, ბევრი არ წავა, ბირთვი არ მინდა დავამსხვრიო, რადგან ახალი ბირთვის შეთამაშებას დრო დასჭირდება“.

გადაცემის წამყვანმა ნემსაძეს შეახსენა, როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე მეგობრის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ამბავს – ნემსა, გილოცავ, შეტევა არ დაივიწყოო.

„ისეთი ფეხბურთი მიყვარს, როგორიც ქართველ გულშემატკივარს – შემტევი ფეხბურთი და მინდა, რომ „დინამოში“ ეს დავნერგო. ოღონდ, დაცვაც ისე უნდა აზღვევდეს, რომ მეტოქეს შეტევის შანსი არ მისცეს“.

დატოვე კომენტარი