გიორგი ნემსაძე - ჩემი მთავარი მისიაა, „დინამო“ გულშემატკივრების წინაშე პირნათლად გამოვიდეს
გიორგი ნემსაძე - ჩემი მთავარი მისიაა, „დინამო“ გულშემატკივრების წინაშე პირნათლად გამოვიდეს

დღეს, 8 იანვარს „დინამო თბილისი“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და დიღმის ბაზაზე ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა.

მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის განკარგულებაში სეზონში სხვადასხვა კლუბებში იჯარით გაშვებული და საფეხბურთო აკადემიიდან დამატებული ფეხბურთელებიც ვარჯიშობენ. სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის შემდეგ თბილისის „დინამომ“ ორი მოთამაშე დაიმატა. ამსტერდამის „აიაქსის“ აღზრდილი 27 წლის მარჯვენა მცველი ფაბიან სპორკსლეიდი და მარტვილის „მერანის“ 23 წლის გარემარბი – ლევან წოწონავა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, „დინამოს“ დაკომპელქტება გრძელდება და თურქულ შეკრებაზე დასრულდება, სადაც გუნდი საკონტროლო შეხვედრებს გამართავს.

„სელექცია დაწყებულია და ვყალიბდებით, თუ რომელ პოზიციაზე უნდა გავძლიერდეთ. შეკრებაზე ხუთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვეყოლება, რომლებსაც თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ. გზადაგზა იმ რგოლებს, რომელზეც სასურველი დონის ადგილობრივ მოთამაშეებს ვერ დავიმატებთ, ლეგიონერებით შევავსებთ. ეს ცოცხალი პროცესია და ყოველდღე პულსზე ხელი გვიდევს. ძლიერი მოთამაშეები გვინდა, გულშემატკივრების წინაშე საუკეთესო კუთხით რომ წარვდგეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ნემსაძემ.

ცნობილია, რომ „დინამო“ ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. მათ შორის თუ იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელთა დატოვებაც სურდათ? თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებაც ილაპარაკა.

„შესაძლოა, ვინმეს დატოვება გვსურდა, მაგრამ შეუცვლელი არავინაა და არც ისაა გამორიცხული, რომ უკეთესი მოთამაშე დავიმატოთ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ამაზე ნაკლებად ვდარდობ. ჩემი მთავარი მისია გუნდის ისე შევკრაა, რომ „დინამოს“ გულშემატკივრების წინაშე პირნათლად გამოვიდეთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. უახლოეს პერიოდში გაიგებთ, რომელ ფეხბურთელს დავიმატებთ. ნახევარდაცვა, ასე თუ ისე, დაკომპლექტებულია, თუმცა კონკურენციის გაზრდა კარგი იქნება. მაგრამ ყველაზე მეტად გაძლიერება მაინც დაცვაში გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება“.