გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ფრანგული კლუბებიც დაინტერესდნენ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ფრანგული კლუბებიც დაინტერესდნენ #1TVSPORT

ფრანგული გამოცემა score.fr ამტკიცებს, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით, „მილანისა“ და „ბარნლის“ გარდა, ფრანგული კლუბებიც დაინტერესდნენ.

„ზაფხულში „მეცისთვის“ დაძაბული სატრანსფერო ფანჯარა იქნება. ახლა ფეხბურთელები ჩემპიონატში ბოლო თამაშზე არიან ორიენტირებულები, რადგან ლიგა 1-ში გადასვლა შეუძლიათ.

ლიგა 2-ში „მეცის“ შესანიშნავი სეზონის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 22 წლის თავდამსხმელმა 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება პარასკევს „ბასტიასთან“ ბოლო ტურის მატჩში, რათა კლუბი ლიგა 1-ში გადაიყვანოს. ფეხბურთელის დამატება ბევრ კლუბს სურს და, შესაძლოა, ზაფხულში „მეცი“ დატოვოს.

თავდამსხმელით დაინტერესებული ორი მთავარი კლუბი „მილანი“ და „ბარნლია“. პაოლო მალდინი უკვე რამდენჯერმე შეხვდა მიქაუტაძეს. ლიგა 1-ში „მეცის“ გადასვლის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია, ერთი წლით იჯარით ფრანგულ კლუბში დარჩეს.

იტალიელების გარდა, ქართველის შეძენით „ბარნლიც“ დაინტერესებულია. ინგლისური კლუბი მომავალ სეზონში ახალ თავდამსხმელს ეძებს. ბელგიელმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნა და ახლა გაძლიერებას გეგმავს. ინგლისელები ზამთარშიც შეეცადნენ ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის დამატებას და ფრანგებს 2,5 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ „მეცმა“ ამაზე უარი თქვა. ზაფხულში, შესაძლოა, ფრანგული კლუბებიც გააქტიურდნენ. მიქაუტაძის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება“, – წერს ფრანგული გამოცემა.