გიორგი მიქაუტაძის სადებიუტო გოლი და პირველი ქულა ჩემპიონთა ლიგაზე - „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა და „ვილიარეალს“ „იუვენტუსთან“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა. მან მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა და ტურნირზე თავისი პირველი გოლი მიითვალა.

მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. „იუვენტუსმა“ 49-ე წუთზე ფედერიკო გატის ეფექტური „მაკრატელათი“ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შვიდ წუთში ფრანცისკო კონსეისაუმ იტალიური გუნდი წინ გაიყვანა. მიუხედავად ამისა, 90-ე წუთზე რენატო ვეიგამ ესპანელებს ქულა მოუტანა.

ორი ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ქულა აქვს.