გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „ბრესტი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „ბრესტი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი „ბრესტი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლითა და საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

„ბრესტმა“ თამაში კარგად დაიწყო და მე-15 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც კენი ლალამ გოლად აქცია. „ლიონმა“ წონასწორობა ცხრა წუთში აღადგინა – მიქაუტაძის წამოწყებული შეტევა რაიან შერკიმ გააგრძელა, ხოლო ალექსანდრ ლაკაზეტმა ზუსტად დააგვირგვინა.

შესვენების შემდეგ „ლიონი“ დიდი ძალებით უტევდა. ქართველ თავდამსხმელსაც ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მისი თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია და „ბრესტი“ რეალური საფრთხისგან იხსნა. 82-ე წუთზე კი „ბრესტს“ ლაკაზეტმა შერკის გადაცემით კიდევ ერთი გოლი გაუტანა და დუბლით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 24 ტურის შემდეგ 39 ქულა დააგროვა და კონფერენს ლიგის ზონაში, მეექვსე ადგილზე იმყოფება. სავარაუდოდ, გუნდს რამდენიმე შეხვედრის ჩატარება მოუწევს მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას გარეშე, რომელსაც მსაჯმა დამატებულ წუთებზე წითელი ბარათი უჩვენა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ემოციების შეკავება ვერ მოახერხა.