გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპის ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სანახაობრივ შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპის ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სანახაობრივ შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს 10 ფეხბურთელით დარჩა, „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვებასთან ახლოს იყო. თუმცა წლის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ შეხვედრაში ფრანგულმა გუნდმა ბოლო წამებზე დაკარგა უპირატესობა და 5:4 (6:7 ორი მატჩის ჯამში) დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეუტიეს და მე-10 წუთზე მანუელ უგარტეს გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაშის სადავეები „ლიონმა“ იგდო ხელში, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა. ტაიმის ბოლოს, 45+3-ე წუთზე, დიოგუ დალომ „მანჩესტერის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში „ლიონმა“ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. 71-ე წუთზე სხვაობა კორენტინ ტოლისომ შეამცირა, ხოლო შვიდ წუთში ანგარიში ნიკოლა ტალიაფიკომ გაათანაბრა. 89-ე წუთზე არბიტრმა ტოლისო მეორე ყვითელი ბარათით გააძევა და „ლიონი“ უმცირესობაში დარჩა.

დამატებით დროში „ლიონმა“ შეტევა განაგრძო. 105-ე წუთზე რაიან ჩერკიმ გაიტანა, ხოლო 108-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტით ანგარიში 2:4 გახადა.

ინგლისელებმა დამატებითი დროის ბოლო წუთებში მატჩში დაბრუნება მაინც შეძლეს. ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, შემდეგ, 120-ე წუთზე კობი მაინუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებით წუთებში ჰარი მაგუაიერმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.