გიორგი მიქაუტაძის „აიაქსისა“ და „ფეიენოორდის“ შეწყვეტილი მატჩი 27 სექტემბერს უმაყურებლოდ დასრულდება #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „აიაქსისა“ და „ფეიენოორდის“ შეწყვეტილი მატჩი 27 სექტემბერს უმაყურებლოდ დასრულდება #1TVSPORT

ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციამ (KNVB) დაადასტურა, რომ ერედივიზიის შეჩერებული მატჩი გიორგი მიქაუტაძის „აიაქსსა“ და „ფეიენოორდს“ შორის ოთხშაბათს, 27 სექტემბერს უმაყურებლოდ განახლდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ამას გარდა, ოთხშაბათს „აიაქსის“ „ვოლენდამთან“ დაგეგმილი სათასო მატჩი გადაიდო.

„აიაქსი“ ამ გადაწყვეტილებას გადატვირთული კალენდარის გამო არ დაეთანხმა და საკითხის გასაჩივრებას აპირებს. ამსტერდამული მხარე აცხადებს, რომ შეხვედრა ნოემბრისთვის უნდა გადაედოთ, რადგან თასის შეხვედრის ოქტომბრის ბოლოს ჩატარება ვითარებას უფრო ართულებს.

„ფეიენოორდი“ 56-ე წუთზე ანგარიშით 3:0 იგებდა „იოჰან კრუიფ არენაზე“, როდესაც თამაში შეწყდა. მასპინძელთა გულშემატკივრებმა მოედანზე მაშხალები ისროლეს. მატჩი ნიდერლანდების ორ უძლიერეს კლუბს შორის (ცნობილია როგორც „დე კლასიეკერი“) პირველ ტაიმშიც ორჯერ შეჩერდა.

სტადიონის ტაბლოდან „აიაქსის“ გულშემატკივრებს შეახსენეს, რომ მაშხალების ანთება აკრძალული იყო, მაგრამ ზოგიერთმა გულშემატკივარმა ეს შეტყობინება უგულებელყო. ამის შემდეგ მატჩი საბოლოოდ შეჩერდა. არეულობა კიდევ გრძელდებოდა და სტადიონის გარეთ პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

ნიდერლანდების 36-გზის ჩემპიონმა, „აიაქსმა“ ბოდიში მოიხადა თავისი გულშემატკივრების საქციელის გამო. მწვრთნელმა მორის სტეინმა კი მატჩის დღეს კლუბისთვის „შავი დღე“ უწოდა. ამსტერდამელები 18-გუნდიანი ერედივიზიის ცხრილში მე-14 ადგილზე არიან და ჩემპიონ „ფეიენოორდს“ 6 ქულით ჩამორჩებიან.