გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში პირველად გაიტანა - კაცნაკლულმა „მეცმა“ „მარსელთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში პირველად გაიტანა - კაცნაკლულმა „მეცმა“ „მარსელთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველად გაიტანა, კაცნაკლულმა „მეცმა“ კი „მარსელთან“ ურთულესი და სანახაობრივი დაპირისპირება 2:2 დაასრულა.

პირველ ტურში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ „მეცს“ გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურდა. გათამაშების მეორე ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფრანგულ გუნდს უმასპინძლა.

„მარსელი“ მატჩის დასაწყისში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და მე-14 წუთზე ანგარიში 18 წლის ემრან სოგლომ გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ „მეცი“ გააქტიურდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელიც ბევრს ცდილობდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

52-ე წუთზე „მარსელმა“ მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ წესის დარღვევა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა, „მეცმა“ კი თამაშის გადარჩენის შანსი შეინარჩუნა. 7 წუთში აბუბაქარ მუსტაფა ლო მეტოქის წაქცევისთვის მოედნიდან გააძევეს და ქართველის გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა.

ასეთ ვითარებაში „მეცმა“ მაინც მოახერხა თამაშის გადარჩენა. 65-ე წუთზე ანგარიში ძალიან ეფექტური დარტყმით შეიხ საბალიმ გაათანაბრა, ხოლო 6 წუთში გიორგი მიქაუტაძემ ურთულესი ვითარებიდან გაიტანა, გუნდი დააწინაურა და ტოპლიგაში ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.

81-ე წუთზე კონტრშეტევაზე გიორგი მიქაუტაძეს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, ორი მცველი მოატყუა და კარში დაარტყა, თუმცა „მარსელის“ მეკარეს, პაუ ლოპესს ვერ აჯობა. ერთ წუთში კი სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ვიტინიამ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ „მეცის“ მწვრთნელმა დაცვის გასაძლიერებლად ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.

საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა და 2 ტურის შემდეგ „მეცმა“ ლიგა 1-ში პირველი ქულა მოიპოვა.