გიორგი მიქაუტაძემ ისევ დუბლით გაიბრწყინა - „მეცმა“ მოიგო და მეორე ადგილზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, დუბლი შეასრულა და „მეცს“ „სენტ ეტიენთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.

ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრაში „მეცი“ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს სტუმრად ეთამაშა – მიქაუტაძემ მე-11 წუთზე ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ერთ წუთში კოფი კუაომ სტუმართა უპირატესობა გაზარდა 2:0. 25-ე წუთზე კი „მეცმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც მიქაუტაძემ უნაკლოდ გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

მიქაუტაძის გოლის შემდეგ შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, რადგან გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მაგრამ თამაში მალე განახლდა. 35-ე წუთზე მიქაუტაძეს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მცველებმა ხელი შეუშალეს და მასპინძლები მეოთხე გოლს გადარჩნენ. 38-ე წუთზე კი „მეცის“ მეკარის შეცდომით ნილს ნკუნკუმ ისარგებლა და სხვაობა შეამცირა 1:3.

მე-80 წუთზე „მეცის“ მოთამაშე კამინ კამარა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს. ამის გამო სტუმართა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ მიქაუტაძე ნახევარმცველით, ლენი ჯოზეფით შეცვლა და დაცვა გააძლიერა, მაგრამ საბოლოოდ „მეცმა“ მაინც მოიგო 3:1.

ქართველის გუნდმა 58 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაწინაურდა და უსწრებს ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ (56), რომელიც ტურის მატჩს 24 აპრილს „გრენობლთან“ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში 30 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის კონკურენტი ბომბარდირობისთვის ბრძოლაში „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელი ჯან-ფილიპ კრასოა, რომელსაც გიორგი 3 გოლით ასწრებს.