გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგაზე თავისი პირველი გოლები გაიტანა და „ლიონს“ აზერბაიჯანში „ყარაბაღთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 4:1.
ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში ფრანგული კლუბი „ყარაბაღს“ ბაქოში, „ტოფიკ ბახრამოვ არენაზე“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და დუბლი შეასრულა.
გიორგიმ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე აზერბაიჯანული კლუბის კარში მეოთხე გოლის ავტორი გახდა. 8.3 შეფასებით ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
5 ტურის შემდეგ მიქაუტაძის გუნდმა 10 ქულა დააგროვა, მთავარ ეტაპზე მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატია.