გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ შეცვლაზე ითამაშა - ამსტერდამელებმა იოლად მოიგეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ შეცვლაზე ითამაშა - ამსტერდამელებმა იოლად მოიგეს #1TVSPORT

ნიდერლანდების ერედივიზიონში გიორგი მიქაუტაძე კვლავ ვერ მოხვდა „აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში, თუმცა შეცვლაზე ითამაშა არნემის „ვიტესთან“ საშინაო მატჩში, რომელიც ამსტერდამელებმა 5:0 მოიგეს.

მე-13 ტურის შეხვედრაში „აიაქსის“ თავდასხმაში ავადმყოფობის გამო არ იყო ბრაიან ბრობი, მის ადგილზე კი ჯონ ვან’ტ სხიპმა შემადგენლობაში ჩუბა აკპომი ათამაშა. „აიაქსი“ სწრაფად დაწინაურდა – მესამე წუთზე „ვიტესს“ გოლი ცენტრალურმა მცველმა, იორელ ჰატომ გაუტანა. ათ წუთში ამსტერდამელების უპირატესობა კრისტიან ჰლინსონმა გაზარდა და ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

მეორე ნახევარიც „აიაქსის“ უპირატესობით წარიმართა. 50-ე წუთზე ჩუბა აკპომის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში „ვიტესის“ მცველმა, დომინიკ ოროზიმ ჩაჭრა, 58-ე წუთზე აკპომმა თავი კვლავ გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი 67-ე წუთზე კენეტ ტეილორმა დააფიქსირა.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, თამაშის გამწვავებას და ბურთის გატანას ცდილობდა, ორჯერ კარშიც დაარტყა, მაგრამ ერთხელ მცველი გადაეფარა, მეორედ კი მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

ერედივიზიონში გამართული 13 ტურის შემდეგ „აიაქსმა“ 15 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე დაწინაურდა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომლის მოგებაც ლიდერებთან კიდევ უფრო დაახლოვებს.