გიორგი მიქაუტაძე - სეზონი არასახარბიელო გამოდგა, მაგრამ პლეი ოფში ყველაფერი კარგად იქნება #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - სეზონი არასახარბიელო გამოდგა, მაგრამ პლეი ოფში ყველაფერი კარგად იქნება #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გოლი „ოსტენდეს“ გაუტანა და მიუხედავად იმისა, რომ „სერენმა“ ამით მეტოქე ვერ დაამარცხა, ეს გოლი 21 წლის თავდამსხმელისთვის შეიძლება იმაზე მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მიქაუტაძემ მანამდე ზედიზედ 6 თამაშის შემდეგ მოედანი უგოლოდ დატოვა.

გიორგი მიქაუტაძე სეზონის შედეგით იმედგაცრუებულია. „სერენი“ ბელგიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად პლეი ოფში „მოლენბეკსორმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდება – 23 აპრილს გასვლაზე ითამაშებს, ხოლო 30 აპრილს მეტოქეს სახლში მიიღებს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ წარუმატებელი სეზონით გულნატკენ გულშემატკივრებს გუნდი პლეი ოფში წარმატებით გაახარებს:

„ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა, მიზანს რომ ვერ აღწევ. ახლა ჩვენ პლეი ოფის თამაშებზე ფოკუსირება გვჭირდება. საფუძვლიანად მომზადებას ვაპირებთ, „მოლენბეკს“ რომ გავუმკლავდეთ. სეზონის შედეგი არასახარბიელო გამოდგა, მაგრამ არ უნდა ვინერვიულოთ და პლეი ოფში ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ მალავს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ოსტენდესთან“ გატანილმა გოლმა თავდაჯერებულობა დაუბრუნა: 

„ძალიან კარგია, ბოლოსწინა ტურში რომ მაინც გავიტანე. დიდი ხანი თავის გამოჩენას ვერ ვახერხებდი, ვარჯიშზე ყოველთვის ვიტანდი, მაგრამ მატჩებში ეს გაცილებით რთული იყო. ბევრი შანსი არც მქონდა და თუ მქონდა, უკეთ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ იმედია, გუნდს პლეი ოფში დავეხმარები“.