გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრებიდან ჯერ შემოთავზება არ მქონია (ვიდეო)
გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრებიდან ჯერ შემოთავზება არ მქონია (ვიდეო)

ფრანგული „მეციდან“ ბელგიის პირველი დივიზიონის „სერაინში“ იჯარით გადასული გიორგი მიქაუტაძე მშვენიერ სეზონს ატარებს.

საფრანგეთში გაზრდილმა, 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ხუთ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ბელგიის პირველი დივიზიონის ბომბარდირია. ფრანგური Eleven Sports „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მიქაუტაძეა დათაგული და წერია – „ძალიან ხმაურიანი ამბავი ბელგიის პირველი დივიზიონისთვის“.

ლოგიკურია, რომ ზაფხულის შემდეგ გიორგის მიმართ ბელგიური და ქართული მედიის ინტერესი გაიზარდა. ამის გათვალისწინებით, გიორგი მიქაუტაძე შეეცადა ქართულ მედიის ინტერესის დაკმაყოფილებას და საკუთარი ბიოგრაფიის დეტალები გამოაქვეყნა. ასევე გასცა პასუხი კითხვაზე, სურს თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაში.

მოკლედ ჩემზე

რადგანაც ძალიან ბევრი ჟურნალისტის შეკითხვები მივიღე და სურვილი მაქვს, რომ ყველას გაგცეთ პასუხი, ამიტომ გადავწყვიტე, მოგითხროთ ჩემი ბიოგრაფია და იმედია, პასუხს თქვენს ყველა შეკითხვას გავცემ. და, რაც მთავარია – მადლობა დაინტერესებისა და გულშემატკივრობისთვის.

2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში დავიბადე. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უფროსი და და უმცროსი ძმა.

6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ „გერლანდში“. რვა წლიდან ლიონის „ოლიმპიკის“ საფეხბურთო აკადემიაში ერთკვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ორ დღეში მოვიდა პასუხი, რომ კლუბის აკადემიაში მიღებული ვიყავი და 8 წლიდან 15 წლამდე „ლიონში“ ვირიცხებოდი. შემდეგ გადავედი „ას პრიესტში“, სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი.

2017 წელს, როცა 17 წლის ვიყავი, ლიგა 1-ის კლუბ „მეცთან“ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში შეიცვალა, ხოლო 2019 წლის ბოლოს სამწლიანი პროფესიული ხელშეკრულება დავდეთ, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.

ლიგა 1-ში დებიუტი

მეცში“ კონტრაქტის შემდეგ „ნიცას“ წინააღმდეგ 8 წუთი ვითამაშე. ხოლო „რენთან“, „მარსელთან“ და საფრანგეთის თასზე „დიჟონის“ წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი.

საფრანგეთის ლიგა1-ში თამაში ძალიან დიდი გრძნობაა – იმიტომ, რომ ხვდები, ბავშვობის ოცნება გისრულდება. დიდი სიხარული იყო, პროფესიულ კონტრაქტზე ხელი რომ მოვაწერე. მეორე დღეს უკვე ლიგა 1-ში „მეცი“-„ნიცას“ თამაშზე ჩემი დებიუტი შედგა.

სეზონი ბელგიაში

ბელგიაში ერთწლიანი იჯარით ვთამაშობ, მაგრამ არის შესაძლებელი, რომ „მეცმა“ იჯარის დასრულებამდე უკან დამაბრუნოს. რაც შეეხება „მეცის“ ძირითადში თამაშს, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება.

საქართველოზე

საქართველოში რამდენიმეჯერ ვარ ჩამოსული. მყავს ძალიან ბევრი, ძალიან საყვარელი ნათესავები. ბოლო წლებში ჩამოსვლა ვეღარ მოვახერხე. ზაფხულს ჩემს ოჯახთან ერთად გამომგზავრება დავგეგმეთ, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაგვედო…

საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებებზე

პროფესიონალურ კონტრაქტის გაფორმებამდე, საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში ერთხელ ვიყავი გამოძახებული და იმედი მაქვს, კვლავ მიმიწვევენ.

საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. ეს არის ჩემი კარიერის სადებიუტო ეტაპი და ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. თანაც, ჯერჯერობით, არავითარი შემოთავზება არ მქონია. არავინ იცის, ხვალ რა იქნება და მეც მოვლენებს არ გავასწრებ.