გიორგი მერებაშვილი „ვოივოდინაში“ ბრუნდება - მას გულშემატკივრები თაყვანს სცემდნენ #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილი „ვოივოდინაში“ ბრუნდება - მას გულშემატკივრები თაყვანს სცემდნენ #1TVSPORT

გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი, „ვოივოდინას“ გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი უცხოელი მოთამაშე გიორგი მერებაშვილი ნოვი სადში ბრუნდება, – ინფორმაციას სერბული ინტერნეტპორტალი tvarenasport ავრცელებს.

„გიორგი მერებაშვილი (რომელიც 34 წლისაა) უკვე ჩამოვიდა მოლაპარაკებებზე სერბულ ფეხბურთში დასაბრუნებლად. როგორც გავარკვიეთ, მერებაშვილი ნოვი სადში იმყოფება, სადაც მას შეეძლება კარიერა დაასრულოს, თუ კლუბთან მოლაპარაკებები კარგად წარიმართება. მისი დაბრუნება ჯდება იმ გეგმებში, რომლებიც „ვოივოდინამ“ ზამთრის პერიოდში დააანონსა. გადაწყდა, რომ ზაფხულის განმავლობაში გუნდი განახლდებოდა და გაძლიერდებოდა გამოცდილი და ხარისხიანი ფეხბურთელებით, გუნდის ყოფილი წევრებით, რომლებმაც იციან ამ მაისურის ფასი და ახალგაზრდებს ძირითად გუნდთან ადაპტირებაში დაეხმარებიან“, – წერს სერბული გამოცემა.

საქართველოს ნაკრებისა და „დინამოს თბილისის“ ყოფილმა წევრმა პოლონური პლოკისვისლას“ გარდა, საბერძნეთის სამ გუნდშიც ითამაშა. მან ინსტაგრამზე დაწერა, რომ მისი შემდეგი გაჩერება ნოვი სადი და „კარაჯორჯის“ სტადიონი იქნება.

tvarenasport-ის ცნობით, მერებაშვილი გუნდში ახალგაზრდების გასაზრდელადაც სჭირდებათ: „გიორგი „ვოივოდინაში“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღეს მას აქვს აუცილებელი გამოცდილება, რომ თავისი როლი ითამაშოს მოედანზე, ხოლო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მოედანზე დამრიგებელი იყოს. „მერებამ“, როგორც მას ნოვი სადში თამაშის დროს უწოდეს, „ვოივოდინაში“ ორი წელი გაატარა. მას გულშემატკივრები თაყვანს სცემდნენ 62 თამაშში გამოვლენილი თვისებების გამო. ამის შემდეგ, ის „დინამოში“ დაბრუნდა, სადაც სერბეთში ყოფნამდე თამაშობდა“.