გიორგი მერებაშვილი - ერთა ლიგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ
გიორგი მერებაშვილი - ერთა ლიგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ

საქართველოს პირველი არხი გადაცემა „ტაიმაუტში“ გიორგი მერებაშვილმა საახალწლო სიურპრიზზე ილაპარაკა, რომელიც პლოცკისვისლას“ ფეხბურთელებმა თავის სტაჟიან გულშემატკივარს მოუწყვეს.

„ჩვენ ერთ-ერთ სტაჟიან გულშემატკივარს სიურპრიზი მოვუწყვეთ, რომელიც სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახის წევრების დახმარებით შევედით მის სახლში და პოლონური საახალწლო კერძები მოვუმზადეთ. სახლში დაბრუნებულმა კარი გააღო და სიურპიზი დახვდა. ვაჩუქეთ „ვისლას“ აქსესუარები, მაისური და ძალიან გაუხარდა. გადაღებულ ვიდეოში კარგად არ ჩანს, თვალებზე ცრემლი რომ მოადგა. ყოველწლიურად ვცდილობთ, სიხარული მივანიჭოთ ბავშვებს და მოხუცებულებს“ – ამბობს გიორგი მერებაშვილი.

გიორგი ყოველთვის გახსნილია მედიასთან და გულშემატკივრებთან – ეს ხასიათია თუ პროფესიის ნაწილად და ვალდებულებად მიიჩნევს? საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ამაზეც უპასუხა: „ალბათ, ხასიათიც არის, რადგან ბავშვობიდან მშობლები ასე მზრდიდნენ – არასოდეს დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ და ვცდილობ, დავრჩე ისეთ ადამიანად, როგორიც ვარ. გულშემატკივრის გარეშე კი სპორტი წარმოუდგენელია და ეს ხალხი დიდ ძალას მაძლევს. განსაკუთრებით, რთულ პერიოდებში – ოჯახისა და მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელია ეს პერიოდები გადალახო“.

მისი თქმით, მოთამაშეს პოლონეთის ჩემპიონატში განვითარების პირობები გააჩნია: „ყველა შეხვედრაში კონცენტრირებული უნდა იყო – ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაციაა. იოლი თამაშები არაა, ყველასთან ბრძოლაა საჭირო და ამის გარეშე ვერ განვითარდები. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია. „ვისლას“ კონკრეტული ამოცანა კი მინიმუმ 8 საუკეთესოში მოხვედრაა, რაც ევროსარბიელისთვის ბრძოლის საშუალებას იძლევა“.

გიორგი პლოცკისვისლას“ ისტორიაში შევიდა როგორც ლეგიონერი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. აპირებს თუ არა კარიერის პოლონეთში დასრულებას? – მერებაშვილმა ამაზეც ილაპარაკა: „მინდა, რომ ჩემი კარიერა დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერს აქვს დასასრული. ამიტომ ვცდილობ, თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯო, სიამოვნება მივიღო და ისე ვითამაშო, როგორც ბოლო მატჩი. ალბათ, ბოლო ტურებში ესეც დამეხმარა და გოლები ამიტომაც გავიტანე. კარიერის დასრულებას რაც შეეხება, კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე მაქვს და მინიმუმ იქამდე ვითამაშებ“.

ხომ არ აპირებს კარიერის საქართველოში დასრულებას – ამის შესახებ გამოცდილი ფეხბურთელი აცხადებს: „თბილისის „დინამოში“ ჩამოვყალიბდი და აკადემიიდან პირველი გუნდის ჩათვლით სულ 12 წელი გავატარე. ეს ჩემი გუნდია და თუ სურვილი ექნებათ, ამ გუნდში კარიერა სიამოვნებით დავასრულებდი. თუმცა, პოლონეთში კარგად ვარ და ვგრძნობ ენერგიას, ევროპაში რომ ვითამაშო“.

გიორგი მერებაშვილმა ერთა ლიგის ნახევარფინალამდე საქართველოს ნაკრების წევრთა მოტივაციაც აღნიშნა: „უპირევლესად, ჯანმრთელად უნდა ვიყოთ, რადგან თითოეული ფეხბურთელის მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომელიმე ფეხბურთელი მოვისაკლისოთ. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკში იყოს. მარტი ისეთი პერიოდია, თამაშები ყველგან დაწყებულია და გვექნება საშუალება, ფორმაში ვიყოთ. მეც ვეცდები, ზამთრის შეკრება ნაყოფიერად გავიარო და მარტის თამაშებს მზად შევხვდე“.

გამოცდილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მოახლოებული შობა-ახალი წელი მიულოცა: „ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ახალი წელი ყველა ოჯახისა და ადამიანისთვის წარმატებული ყოფილიყოს – უფრო წარმატებული, ვიდრე წინა წლები“.