გიორგი მელქაძე „ტამბოვში“ რჩება - იჯარა სეზონის რეალურ დასრულებამდე გაგრძელდა
გიორგი მელქაძე „ტამბოვში“ რჩება - იჯარა სეზონის რეალურ დასრულებამდე გაგრძელდა

შემტევი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე „ტამბოვში“ სეზონის რეალურ დასრულებამდე ითამაშებს. ამის შესახებ „იზვესტიას“ კლუბის სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა განუცხადა.

23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მოსკოვის „სპარტაკს“ ეკუთვნის და ის ახლა რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ გუნდში გამოდის. იმის გამო, რომ ჩემპიონატი ჩვეულებრივზე გვიან დასრულდება, მრავალი პრობლემა გაჩნდა, მათ შორის კონტრაქტებთან და საიჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრდება.

„მელქაძის ამბავი „სპარტაკთან“ უკვე შეთანხმებულია. თავად ფეხბურთელიც თანხმაა, ჩემპიონატის ფაქტობრივ დასრულებამდე ხელშეკრულება გააგრძელოს. ამიტომ იჯარა ავტომატურად გახანგრძლივდება. ხელფასსაც ხელშეკრულებების მიხედვით მიიღებს” – ამბობს პაველ ხუდიაკოვი.

მიმდინარე სეზონში მელქაძე „ტამბოვის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა და პოტენციალის გამოვლენა დაიწყო. ჯამში მან პრემიერლიგაში 13 მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ მელქაძე „სპარტაკისთვის“ კარგი მოთამაშეა. ის ალბათ კარგია „ტამბოვისთვის“ ან ამ დონის სხვა გუნდებისთვის. ამიტომ, არა მგონია, რომ ეს იჯარა ის მიზეზია, რის გამო მოსკოველებმა ის უნდა დააბრუნონ. „ტამბოვში“ გიორგი ლიდერი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ, ამავე დროს, შეგვიძლია გავიხსენოთ ჯანო ანანიძე, რომელიც იჯარით მშვენივრად თამაშობდა და როდესაც „სპარტაკში“ ბრუნდებოდა, არაფერი გამოსდიოდა. მეჩვენება, რომ მელქაძესთან დაკავშირებითაც იგივე ისტორიაა. ვფიქრობ, რომ გიორგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ „ტამბოვში“ დარჩეს“ – ეს „იზვესტიასთან“ „სპარტაკის“ ყოფილმა მფლობელმა ანდრეი ჩერვიჩენკომ განაცხადა.

რუსეთის ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება. პრემიერლიგაში რვა ტურია დარჩენილი. „ტამბოვი“, რომელსაც ლიგის გუნდებში ყველაზე მოკრძალებული ბიუჯეტი აქვს, ამჟამად ცხრილში მე-11 ადგილზეა.