ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც „ზენიტის“ დაცვა გაარღვია - რას წერს პრესა გიორგი მელქაძის თამაშზე

„ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც „ზენიტის“ დაცვა გაარღვია“ – ასე შეაფასა გამოცემა „ჩემპიონატმა“ გიორგი მელქაძის თამაში, რომელმაც მოსკოვის „სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში პირველად „ფონბეტის თასზე“ ითამაშა.

მელქაძე „სპარტაკის“ აკადემიის გაზრდილი და რუსეთის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ლიდერია, რომელიც გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ კანონოვმა თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და პეტერბურგის „ზენიტთან“ საკონტროლო შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში, 64 წუთი ათამაშა. ანგარიში 28-ე წუთზე სწორედ წარმოშობით ქართველმა გახსნა, რომლიც, რუსული მედიის ცნობით, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

გამოცემა „ჩემპიონატმა“ მას ქართულ წარმომავლობასა და საქართველოს მოქალაქეობის აღების პერსპექტივაზეც ჰკითხა.

„საქართველოში თუ ჩავდივარ? დიახ, რა თქმა უნდა. იქ მე უამრავი ნათესავი მყავს. უბრალოდ, ჩემი მშობლები მოსკოვში 20 წლის წინ გადმოვიდნენ. მათ, ისევე როგორც მე, რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას – მოსკოვში დავიბადე, აქ გავიზარდე და ფეხბურთის თამაშიც აქ ვისწავლე. თავს ქართველ რუსად მივიჩნევ. ჩვენი ლიმიტის პირობებში რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა სისულელეც იქნება“ – ამბობს მელქაძე.