გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილთან განაგრძობს მუშაობას
გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილთან განაგრძობს მუშაობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი სავარაუდოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განაგრძობს მუშაობას.

მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუშაობა უკვე შესთავაზეს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილსა და საფინანსო სამსახურის უფროს თამარ გოდერძიშვილს.

ლაშა ჟვანიას თქმით, კმაყოფილი არიან პროტოკოლის სამსახურის უფროსის, ლაშა კვერნაძის მუშაობითაც.

მისივე განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მეხუთე პრეზიდენტთან თანამშრომლობა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმაც გააგრძელოს. ამ კითხვაზე პასუხად ჟვანიამ აღნიშნა, რომ ჯაჯანაშვილს ზურაბიშვილთან წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.