გიორგი მამარდაშვილმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალთან“ გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა სეზონისა და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ვალენსიის“ რიგებში, რომელმაც ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და ევროპის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან დაძაბული შეხვედრა 1:0 მოიგო.

„სამეფო კლუბისთვის“ ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდნის შემდეგ პირველი თამაში იყო. 33-ე წუთზე ანგარიში „ვალენსიის“ ახალგაზრდა მოთამაშემ, დიეგო ლოპესმა გახსნა და „ღამურებმა“ ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევარში „რეალი“ უტევდა, მაგრამ არა ისე მწვავედ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, „ვალენსიის“ ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია. 70-ე წუთიდან თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, რადგან „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუსი ერთ-ერთი გულშემატკივრის ქცევამ წყობიდან გამოიყვანა.

ბოლო წუთები მადრიდელთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, ძალიან რეალური საგოლე შანსი ჰქონდა ფედერიკო ვალვერდეს, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ახლო მანძილიდან მის დარტყმაზე საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი იხსნა. მალე იგივე მოხდა ტონი კროოსის შესრულებული ჯარიმის შემდეგაც, გიორგი შესანიშნავი იყო.

ბოლოს ვინისიუსს მამარდაშვილთან კონფლიქტი ჰქონდა, რომელშიც „ვალენსიის“ თავდამსხმელი უგო დურო ჩაერია. კონფლიქტის შემდეგ ბრაზილიელი მოედნიდან გააძევეს.

„რეალს“ კიდევ ერთი რეალური საგოლე შანსი მიეცა, გიორგისთან პირისპირ ქარიმ ბენზემა დარჩა, მაგრამ ქართველს ვერ აჯობა. საბოლოოდ, მამარდაშვილმა „რეალთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.

„ვალენსიამ“ 35 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 საფეხურზე დაწინაურდა.