გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის 27-ე ტურში ლიდერთან, მადრიდის „რეალთან“ მატჩის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობით ვერ ისარგებლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2.

„სამეფო კლუბმა“ „მესტალიაზე“ გასვლითი მატჩი აქტიურად დაიწყო, მაგრამ კონტრშეტევაზე თავად გაუშვა. 27-ე წუთზე „ვალენსიის“ სწრაფი შეტევა უგო დურომ დააგვირგვინა. სამ წუთში „რეალმა“ თავის კარში მეორე გოლიც მიიღო. მადრიდელთა კაპიტნის, დანი კარვახალის უხეში შეცდომით რომან იარემჩუკმა ისარგებლა – 2:0.

„რეალი“ მხოლოდ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა და ქართველ მეკარეს საქმეში ჩართვა დასჭირდა. გიორგიმ 41-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდეს ძლიერი და სახიფათო დარტყმა მოიგერია, მაგრამ ვინისიუს ჟუნიორმა შესვენებამდე (45+5-ე წუთზე) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

მეორე ტაიმი მოსალოდნელი სცენარით დაიწყო, „რეალმა“ ძალიან აქტიურად შეუტია. 54-ე წუთზე გიორგიმ ჯუდ ბელინგემის ძლიერი დარტყმა მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, თუმცა 76-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში მაინც გაათანაბრა.

„ვალენსიამ“ 27 ტურის შემდეგ 39 ქულა დააგროვა და ლა ლიგაში მე-8 ადგილზეა, ევროზონას კი მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.