გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში „ვილიარეალი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში „ვილიარეალი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა წლის პირველი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა „ვალენსიის“ რიგებში, რომელმაც „ვილიარეალს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.

ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩის მე-4 წუთზე ხოსე გაიას ფლანგური გადაცემით უკრაინელმა თავდამსხმელმა, რომან იარემჩუკმა ისარგებლა და ზუსტი დარტყმით „ვალენსია“ დააწინაურა.

ქართველი მეკარე პირველად საქმეში მე-7 წუთზე ჩაერთო, როდესაც პირისპირ გასულ ხოსე ლუის მორალესს აჯობა. მართალია, მერე „ვილიარეალის“ ნახევარმცველზე თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ ამან მამარდაშვილის საიმედო თამაში ვერ დაჩრდილა. 22-ე წუთზე კი მარჯვენა დაბალ კუთხეში ალბერტო მორენოს ძალიან სახიფათო დარტყმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია.

„ვალენსიამ“ ამის შემდეგ უპირატესობა გაზარდა. 27-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი პეპელუმ გამოიყენა. 45-ე წუთზე მამარდაშვილთან ერთი-ერთზე უკვე ალბერტო მორენო დარჩა და საქართველოს ნაკრების მეკარე კვლავ გამარჯვებული გამოვიდა. 57-ე წუთზე „ვალენსიამ“ მეორედ მოიპოვა პენალტი, რომელიც ისევ პეპელუმ შეასრულა და დუბლით გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0. 73-ე წუთზე ხერარდ მორენომ სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლა ლიგაში გამართული 19 ტურში „ვალენსიამ“ უკვე 26 ქულა დააგროვა, მე-9 პოზიციაზე გადავიდა და კონფერენსლიგის ზონასთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.