გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ისევ მოიგო და კონფერენს ლიგის ზონას მიუახლოვდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგაში „ლას პალმასს“ ესტუმრა და ურთულეს დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა — 3:2.
მე-22 წუთზე „ვალენსიის“ თავდამსხმელმა, უგო დურომ ანგარიში გახსნა. შესვენებამდე (45+2) რამირესმა წონასწორობა პენალტით აღადგინა. დურომ 58-ე წუთზე კვლავ დააწინაურა სტუმრები, ხოლო ალექს სუარესის ავტოგოლით (75) უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
„ლას პალმასმა“ მაკბარნის (83) გოლით სხვაობა შეამცირა. დამატებულ დროში, 90+6-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხაიმე მატას ჰქონდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ლა ლიგაში ჩატარებული 34 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 42 ქულა დააგროვა, გავარდნის ზონასთან უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა და კონფერენს ლიგის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „მალაგას“ ესტუმრა, 0:1 დამარცხდა, თუმცა პლეი ოფის ზონაში დარჩა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.