გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სევილიასთან“ დამარცხდა და ლა ლიგა 2-ში დაქვეითების რეალური კანდიდატია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სევილიასთან“ დამარცხდა და ლა ლიგა 2-ში დაქვეითების რეალური კანდიდატია #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ვალენსიაში“, რომელმაც „სევილიას“ უმასპინძლა, 0:2 დამარცხდა და ლა ლიგა 2-ს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრა ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ჩაატარა. „მესტალიაზე“ ერთმანეთს ახლო წარსულში ლა ლიგის ორი მოწინავე გუნდი დაუპირისპირდა, რომლებიც ახლა მძიმე მდგომარეობაში არიან – „ვალენსია“ ბოლოდან მესამე ადგილზეა, „სევილია“ კი ამ თამაშამდე სახიფათო ზონას მხოლოდ ხუთი ქულით იყო დაშორებული.

პირველ ტაიმში „სევილიას“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც კარის წინ ლუკას ოკამპოსი დარჩა, მაგრამ მამარდაშვილი დროულად გამოვიდა კარიდან, ოკამპოსის დარტყმული კი კარს ასცდა და მასპინძლები გოლს გადარჩნენ.

შესვენების შემდეგ „სევილიამ“ ანგარიში სწრაფად გახსნა. 55-ე წუთზე, ჯარიმის გათამაშების შემდეგ „ვალენსიის“ დაცვა შეცდა, ლოიკ ბადე კი საჭირო დროს საჭირო ადგილას გაჩნდა, მამარდაშვილსაც დაასწრო, ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა – 1:0.

„ვალენსიამ“ ამის შემდეგ მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი შექმნა, 75-ე წუთზე კი მეორე გოლიც გაუშვა. „სევილიის“ სწრაფი კონტრშეტევა სუსომ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

85-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან მორიბა გააძევა და „ვალენსიას“, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა. კაცნაკლულმა მასპინძლებმა, ცხადია, ვერაფერი შეცვალეს და დამარცხდნენ.

29 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 27 ქულით ისევ მე-18 ადგილზე დარჩა და უმძიმეს მდგომარეობაშია – დარჩენილ ცხრა ტურში გუნდი ქულათა მაქსიმუმს თუ ვერ დააგროვებს, ლა ლიგა 2-ში დაქვეითების რეალური კანდიდატია.