გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდის „რეალთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა, ქართველი მეკარე ტრავმას გადაურჩა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდის „რეალთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა, ქართველი მეკარე ტრავმას გადაურჩა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მეკარეს „რეალმა“ დიდი გამოცდა მოუწყო და ანგარიში მესამე წუთზე გახსნა. დანი კარვახალმა მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა. „ვალენსიას“ კარი მეორედ 42-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა მკერდით აიღო.

ამ ორ გოლს შორის ისეთი რამ მოხდა, რამაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები გაშვებულ გოლებზე მეტად აანერვიულა. 23-ე წუთზე თამაში შეწყდა, რადგან გიორგი მამარდაშვილი მოედანზე დაჯდა და საზარდულის ტკივილის გამო წამოდგომას ვერ ახერხებდა. ექიმების ჩარევის შემდეგ გიორგიმ თამაში გააგრძელა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მადრიდელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. 49-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა. ერთ წუთში კი ქართველმა მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა, მისი გადაცემა როდრიგომ ჩაჭრა და ახლოდან ზუსტად დაარტყა.

84-ე წუთზე როდრიგომ დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე „ვალენსიის“ თავდამსხმელმა, უგო დურომ დააფიქსირა.

ლა ლიგის მე-13 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 18 ქულით მერვე პოზიციაზეა.