გიორგი მამარდაშვილი - ვერ გავიგე, რატომ დაინიშნა პენალტი, გამეორებაზე ვნახე და წესების დარღვევა არ ყოფილა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ვერ გავიგე, რატომ დაინიშნა პენალტი, გამეორებაზე ვნახე და წესების დარღვევა არ ყოფილა #1TVSPORT

„ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა ლა ლიგის ბოლო ტურში „ალავესთან“ გასვლით შეხვედრაზე, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 წააგო.

ერთადერთი გოლი „ჯვაროსნების“ მეკარეზე დაფიქსირებული ჯარიმის შედეგად დანიშნული პენალტით გავიდა, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მამარდაშვილს წესი არ დაურღვევია და პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, იმავე აზრს იზიარებს მამარდაშვილიც.

„ვერ გავიგე, რატომ დაინიშნა პენალტი, გამეორებაზე ვნახე და წესების დარღვევა არ ყოფილა, ამ აზრს „ალავესის“ ფეხბურთელებიც იზიარებენ. მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ლა ლიგაში დავრჩით. „ვალენსია“ ბრძოლას არასდროს წყვეტს, ვეცდებით, ევროტურნირების საგზურიც მოვიპოვოთ“, – განაცხადა თამაშის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა.

პენალტი ჟოან ჯორდანმა გაიტანა და არ დამალა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება გაუკვირდა: „ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მეგონა, რომ მსაჯი პენალტს აღარ დანიშნავდა, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი განმუხტა“.

„ვალენსიის“ წაგების მიუხედავად გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – საქართველოს ნაკრების მეკარემ 5 დარტყმა მოიგერია და „ვალენსია“ უფრო დიდი სხვაობით მარცხისგან იხსნა.