გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილსა და „ვილიარეალიდან“ გოლის ავტორს, ნიკოლას ჯექსონს შორის მოუწევთ.

„ბოლო ტურში „ვილიარეალთან“ ფრემ „ვალენსიას“ მისცა სასიცოცხლო შანსი, ლა ლიგაში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს. როგორც ჩანს, რუბენ ბარახას გუნდი სწორ გზაზე დგას, რადგან უკანასკნელ ტურებში შვიდი ქულის მოპოვება მოახერხა.

„ვილიარეალი“ ნიკოლას ჯექსონის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშითა და გამძლეობით ქულა მოიპოვეს. ეს იყო თანაბარი დუელი, რომელშიც საუკეთესოს არჩევა რთულია. „ვალენსიადან“ გამორჩეული ქართველი მეკარე იყო, „ვილიარეალიდან“ კი – გუნდის ბომბარდირი ჯექსონი.

ქართველმა ოთხი დარტყმიდან სამი მოიგერია და „ვალენსია“ გადაარჩინა. ჯექსონს სამი საგოლე მომენტი ჰქონდა და ერთი გამოიყენა. ახლა ორივე „მესტალიაზე“ გამართული 33-ე ტურის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია. გამარჯვებულს „მარკასა“ და Socios.com-ის მომხმარებლების ხმები გამოავლენს“, – წერს გამოცემა.

„მარკა“ გამოკითხვას ლა ლიგის ყოველი მატჩის შემდეგ ატარებს და მასში მონაწილეობა ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. Socios.com-ი კი გამოკითხვაში მონაწილეთა შორის ლა ლიგის ოფიციალურ ბურთს გაათამაშებს. სეზონის ბოლოს გამარჯვებულებს შორის დამატებითი პრიზი Marca Pichichi Awards-ზე გათამაშდება.