გიორგი მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ „ვალენსიის“ შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ „ვალენსიის“ შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი მოედანსა და „ვალენსიას“ დაუბრუნდა გასვლით მატჩში „სევილიასთან“, რომელიც 1:1 დასრულდა.

ქართველმა მეკარემ ბოლოს 7 დეკემბერს ითამაშა, ხოლო ტრავმის გამო 5 შეხვედრა გამოტოვა. ერთი თვის შემდეგ, სრულად მომჯობინებული, ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩში დაბრუნდა და მოედანზე საიმედოდ გამოიყურებოდა.

„ჯვაროსნების“ პირველმა ნომერმა გუნდი სამჯერ რეალური საფრთხისგან გადაარჩინა. მე-19 წუთზე მან საულ ნიგესის დარტყმული ბურთი მოიგერია. 24-ე წუთზე ისააკ რომერომ საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა, მაგრამ მამარდაშვილმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და გუნდი კვლავ გადაარჩინა. 57-ე წუთზე დოდი ლუკებაკიოს შეტევისას გიორგიმ კიდევ ერთხელ შესანიშნავი რეაქცია აჩვენა.

61-ე წუთზე „ვალენსია“ დაწინაურდა. სტუმართა შეტევა ლუის რიოხამ განავითარა და ინდივიდუალური ოსტატობით ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. თუმცა, მასპინძლებმა 90+3-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ადრია პედროზას შორეული დარტყმა მამარდაშვილმა ვერ მოიგერია და ბურთი კარში აღმოჩნდა.

„ვალენსია“ ლა ლიგის მე-19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.