გიორგი მამარდაშვილი - როგორც კი თამაში დავიწყე, უფრო თავდაჯერებული გავხდი #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - როგორც კი თამაში დავიწყე, უფრო თავდაჯერებული გავხდი #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გიორგი მამარდაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ ლა ლიგაში გატარებულ სეზონზე და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა:

„შეკრებას მალე დავიწყებთ. ბედნიერი და ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ ახალი სეზონი წინაზე ბევრად უკეთესი იქნება. გასულ სეზონზე „ვალენსიაში“ თამაშის დიდი გამოცდილება მივიღე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გამოცდილება მომდევნო სეზონებზე გამოვიყენო. მივედი სარეზერვო გუნდში, თითქოს ერთი წლით იჯარით უნდა წავსულიყავი, მაგრამ მთავარ გუნდში პირველ ნომრად დავიმკვიდრე ადგილი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. საჭირო დროს სწორ ადგილას მოვხვდი. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენე. პირველი ნაბიჯები და შთაბეჭდილებები „ვალენსიაში“ და ისეთ მნიშვნელოვან ლიგაში, როგორიც ესპანეთის ჩემპიონატია, ძალიან ემოციური იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაფერმა, რაც განვიცადე და რასაც ვსწავლობ“, – ამბობს მამარდაშვილი.

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ ახალი სეზონზე საკუთარ მიზნებზე ისაუბრა: 

„მიზანია, რაც შეიძლება მეტი თამაში ჩავატარო და გუნდი ევროთასებზე გავიყვანოთ. საქართველოს დატოვება და ლა ლიგაში გადასვლა დიდი ძალისხმევისა და ასევე, გარკვეულწილად იღბლის შედეგია. ახლა პირველ გუნდში ვარ და სრულად მზად გახლავართ „ვალენსიაში“ ვითამაშო. „სევილიასთან“ 3:1 მარცხის შემდეგ ოთხი თვე სკამზე დავრჩი. ეს ოთხი თვე სათადარიგოთა სკამზე დარჩენა უზომოდ რთული იყო. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ძირითად შემადგენლობაში დავბრუნებულიყავი. ეს იყო ერთადერთი გზა, ვითარება შემეცვალა. ლა ლიგა რთულია და თავიდან მეც გამიჭირდა, მაგრამ როგორც კი დავიწყე რეგულარულად თამაში და გაცილებით თავდაჯერებული გავხდი, უფრო მეტად დავიწყე ადაპტირება და საქმე გამიადვილდა. ვგრძნობ, რომ „ვალენსიაში“ სათამაშოდ სრულად მზად ვარ“.

მან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ ლა ლიგის მოთამაშეებმა სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ აღიარეს:

„გასულ სეზონზე ლა ლიგაში კარგად ვითამაშე და ვხედავ, ბევრი ფიქრობს, რომ კარგი სეზონი მქონდა. მრავალი თვალსაზრისით გავუმჯობესდი. „ვალენსია“ უდიდესი კლუბია, ფასეული ისტორიითა და ტრადიციით, და ამ კლუბში თამაშით ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ყოველდღე მონდომებით უნდა ვივარჯიშო და თამაში ყოველდღიურად გავაუმჯობესო. არის რამდენიმე ასპექტი, რომელზეც უნდა ვიმუშაო. გასული სეზონი გიჟური იყო, ბევრი აღმავლობითა და ვარდნით. ჩემთვის ეს გახლდათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული. მუდამ ვფიქრობ, დღეს სად ვიქნებოდი, ეს ყველაფერი ჩემს თავზე რომ არ გამომეცადა. გასული სეზონისთვის ძალიან მადლობელი ვარ. რა თქმა უნდა, ვალენსიაში დარჩენა და ცხოვრება მინდა, რადგან შესანიშნავი კლუბი, შესანიშნავი ქალაქი და სასიამოვნო ხალხია“.