გიორგი მამარდაშვილი - „მესტალიაზე“ თამაში ნებისმიერ გუნდთან მიადვილდება #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - „მესტალიაზე“ თამაში ნებისმიერ გუნდთან მიადვილდება #1TVSPORT

„ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ესპანური ფეხბურთის გრანდთან მოპოვებული ქულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ ეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საერთო შეფასებით, „ბარსელონასთან“ აღებულ ქულაში უდიდესი როლი ითამაშა.

„ამ შეხვედრის ყველაზე ღირებული მომენტი? მთლიანად მატჩი, რადგან ასეთ დიდ გუნდთან ფრე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბედნიერები ვართ. სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა.

ყველა ფეხბურთელმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, რადგან ადვილი არ არის „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში, როდესაც მეტოქე 90 წუთის განმავლობაში წნეხში გაქცევს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის თანადგომა.

მოხარული ვარ, თუ გუნდს ვეხმარები, მეტი არაფრის თქმა მსურს საკუთარ თავზე. „მესტალიაზე“ გამოსვლა არა მხოლოდ გუნდისთვის, პირადად ჩემთვისაც უფრო ადვილია, რადგან ხალხის მხარდაჭერა ნებისმიერ მეტოქესთან ძალიან გვეხმარება“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.