გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

„ვალენსიისა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „ვალენსიამ“ ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 35-ე ტურის მატჩში დიეგო ლოპესის მიერ 33-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე „რეალმა“ სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ქართველმა მეკარემ სამივეჯერ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. ჯერ ფედერიკო ვალვერდეს დარტყმული ბურთი მოიგერია, მერე ტონი კროოსის შესრულებული ჯარიმის დროს გადაარჩინა გუნდი, ბოლოს კი პირისპირ დარჩენილ ქარიმ ბენზემას აჯობა.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ მამარდაშვილთან და უგო დუროსთან კონფლიქტისთვის მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვინისიუსი მოედნიდან გააძევეს.

ლა ლიგამ, სპონსორთან ერთად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე დაასახელა.