გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე რჩეულ თერთმეტეულში პორტალმა whoscored-მა დაასახელა.

„ვალენსიამ“ ლა ლიგის შეხვედრა სტუმრად „ალმერიასთან“ 2:2 დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაუშვა, ქართველი მეკარე გუნდში საუკეთესო იყო და თავისიანები ბევრჯერ გადაარჩინა.

32-ე წუთზე მამარდაშვილმა სერხიო არიბასის თავური დარტყმა მოიგერია, სამ წუთში ლუის სუარესის კიდევ უფრო რთულ შეტევას ეფექტური ნახტომით გაუმკლავდა. მეორე ნახევარში მან კიდევ ორი დარტყმა აიღო.

პორტალმა Whoscored-მა „ვალენსიის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება (8,6 ქულა) სწორედ საქართველოს ნაკრების მეკარეს დაუწერა. საბოლოოდ, მისი შეფასება შეასწორეს და 7,9-მდე დაიყვანეს, მაგრამ ტურში მასზე უკეთესი მაჩვენებელი არავის ჰქონია.