გიორგი მამარდაშვილი „დინამოს“ ესტუმრა - თითქმის ყველაფერი „დინამოს აკადემიაში“ ვისწავლე, რაც დამეხმარა, ესპანეთში წნეხი დამეძლია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „დინამოს“ ესტუმრა - თითქმის ყველაფერი „დინამოს აკადემიაში“ ვისწავლე, რაც დამეხმარა, ესპანეთში წნეხი დამეძლია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიას ესტუმრა, ახალგაზრდა დინამოელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, მათ კითხვებს უპასუხა და რჩევები მისცა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს იმიტომ, რომ დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე. 5 წელი გავატარე ამ აკადემიაში, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა, აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად და პროფესიონალი მეკარე გავხდი. რაც შეეხება მომავალ თაობას, მინდა წარმატება ვუსურვო და ვუსურვებ, გამოიყენონ ეს შანსი და გახდნენ დიდი ფეხბურთელები.

ასეთი აკადემია ბევრ გუნდს არ აქვს და ჩემი აზრით, საქართველოში საუკეთესო საფეხბურთო სკოლაა. რაც ეხება ფეხბურთს თუ სხვა რამეს, თითქმის ყველაფერი „დინამოს აკადემიაში“ ვისწავლე – აქ ვცხოვრობდი, 24 საათი აქ ვიყავი და ბევრ რაღაცაში დამეხმარა, რომ ესპანეთში წნეხი დამეძლია.

ჩემი აზრით, მთავარია, რომ არ დაკარგონ კონცენტრაცია და საქმისადმი სიყვარული. რაც უფრო იზრდება შესაძლებლობა, მით უფრო გარბის ყურადღება. მაღალი ხელფასი რომ გაქვს, სხვა რაღაცებისკენ გაგირბის თვალი – ჩემი აზრით, ეს ქართველებს ხშირად გვემართება. ამიტომ, ვუსურვებ კონცენტარციას და იყვნენ საკუთარი საქმის ერთგულები“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.