გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ დეკანოზის ზიარებაზე გადაწყვეტილება უმაღლესმა სასულიერო პირებმა უნდა მიიღონ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, დეკანოზის ზიარებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ საპატრიარქომ აიღოს. ამის შესახებ გიორგი ფანცულაიამ და მიხეილ რამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, მართალია დეკანოზის მოძღვარმა, ნიკოლოზ გიგატაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების სურვილი გამოთქვა, მაგრამ თუ მას საპატრიარქოდან ამის ნება არ დართეს, შესაძლოა, საპატრიარქომ ის დასაჯოს, როგორც ურჩი მღვდელი.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ამისთვის ზიარებაზე გადაწყვეტილება უმაღლესმა სასულიერო პირებმა უნდა მიიღონ, თუმცა მათივე თქმით, ამას საპატრიარქოში არსებული გარკვეული ჯგუფი ბლოკავს.
ბრიფინგზე ადვოკატებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და საპატრიარქოში არსებულ გარკვეულ ჯგუფს არ სურს, საზოგადოებამ ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიმართლე გაიგოს. ადვოკატები იმედს სტრასბურგის სასამართლოზეც ამყარებენ.