გიორგი მაკარიძე – „მალმემ“ ინტენსივობითა გვაჯობა, ჩემპიონატებს შორის სხვაობაც ნათლად გამოჩნდა #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაზე, რომელშიც შვედურ „მალმესთან“ შინ 1:3 დამარცხდნენ.
ირაკლი ტაბატაძე: „სამწუხაროდ, მატჩი ძალიან ცუდი შედეგით დასრულდა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ საწყის წუთებში გოლი მივიღეთ, რამაც თამაშის მიმდინარეობა და სტილი მთლიანად შეცვალა. თუმცა გარკვეულ მონაკვეთებში გამოჩნდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. მაქსიმალურად შევეცდებით, შვედეთში გამარჯვებას მივაღწიოთ.
რაც შეეხება საკამათო ეპიზოდებს – ვფიქრობ, მსაჯს შეეძლო, ორიდან ერთ შემთხვევაში მაინც დაენიშნა პენალტი. ჩემს ეპიზოდში მეგონა, ან თერთმეტმეტრიანს დანიშნავდა, ან მეკარეს გააძევებდა.
გიორგი მაკარიძე: „ანგარიში, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. ჩემი აზრით, ბურთის ფლობასა და თამაშის ხარისხში მეტოქეს არ ჩამოვრჩებოდით. უბრალოდ, როდესაც ძლიერი და გამოცდილი გუნდი ხარ, თამაში გაცილებით გიადვილდება. „მალმე“ სწორედ ასეთი გუნდია – ინტენსივობითა და სისწრაფეებით გვაჯობეს, თანაც ინდივიდუალურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჰყავთ. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად განსხვავდება ჩვენი ჩემპიონატები.
ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნებისმიერ გუნდს შეუძლია. შვედეთში მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ბოლო წუთებზე პრეტენზია მსაჯის მიმართ მქონდა – მივუთითე, რომ საკამათო ეპიზოდში მეკარისთვის წითელი ბარათის მიცემაც შესაძლებელი იყო“.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ შვედეთის ჩემპიონ „მალმეს“ საპასუხო შეხვედრაში 15 ივლისს დაუპირისპირდება.