გიორგი ლორიას რეკორდი - „ჯვაროსნების“ მეკარემ ელიგაში 100 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი ლორიას ეროვნულ ჩემპიონატში 100 „მშრალი“ მატჩი დაუგროვდა – „დინამოს“ მეკარემ ეს ისტორიული შედეგი „სამტრედიასთან“ გასვლით შეხვედრაში დააფიქსირა.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ლორიამ ითამაშა ხუთ სხვადასხვა ლიგაში. „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 38 წლის მეკარემ კარიერა 2005 წელს თბილისურ კლუბში დაიწყო, რომელშიც 2014 წლამდე 171 მატჩი ჩაატარა.
გიორგიმ 2014–15 წლების სეზონი ბერძნულ „ოფი კრეტაში“ გაატარა. კარგი სეზონით ყურადღება მიიპყრო და 2015 წელს პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ გუნდი სწრაფად დატოვა.
ლორიას ასევე უთამაშია რუსეთის პრემიერლიგის სამარას „კრილია სოვეტოვში“, მახაჩკალას „ანჟიში“, მე-2 ბუნდესლიგის „მაგდებურგში“, კვიპროსის „ანორთოსისში“, რომელიც 2023 წლის 27 ივნისს დატოვა. ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ლორია 2023 წლის ივნისში თავის ახალგაზრდობის კლუბსა და ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისს“ დაუბრუნდა.
რამდენიმე დღეში „დინამომ“ მოიგო ოთხგუნდიანი სუპერთასის ტურნირი, სადაც ლორიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა – მან ორ თამაშში სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და სეზონის ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
ლორიას სანაკრებო დებიუტი 2008 წლის 27 მაისს ესტონეთთან (1:1) ამხანაგურ მატჩში შედგა. გიორგიმ „ჯვაროსნებში“ 77 მატჩი ჩაატარა და ამჟამად ერთ-ერთია იმ ექვს ქართველ მოთამაშეს შორის, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.