გიორგი ლორია - „ომონიაზე“ მეტი მომენტი შევქმენით და უნდა მოგვეგო #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში გათამაშების ლიდერ ნიქოზიას „ომონიასთან“ გასვლაზე ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ნაკრების გამოცდილი კიპერის აზრით, მომენტების რეალიზაციის შემთხვევაში, „ანორთოსისს“ მატჩი უნდა მოეგო.
„ეს რთული თამაში იყო, მაგრამ ჩვენ დაწინაურების რეალური შესაძლებლობები გვქონდა და უფრო მეტად რომ გაგვმართლებოდა, ამ მატჩს მოვიგებდით. ჩვენს გეგმებში გამარჯვება იყო, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. თუმცა, არ წაგვიგია და ესეც საკუთარი ძალების რწმენას გვიმყარებს. ჩემი პირადი მიზანი კი კარის უგოლოდ შენარჩუნებაა. საერთო ჯამში, შედეგი სამართლიანი იყო, მაგრამ ჩვენ გოლის უფრო რეალური და მეტი შესაძლებლობები გვქონდა. ჩვენ თასისა და ჩემპიონატის მოსაგებად ვიბრძვით და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია – ყველა შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა გიორგი ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე ორი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ „ანორთოსისმა“ ჯერ მატჩი ვერ მოიგო და მეორე ტურის შემდეგ ორი ქულით მესამე ადგილზეა. „ომონიასთან“ ზავმა გუნდს კონკურენტის გადასწრების საშუალება არ მისცა. ნიქოზიელებმა კი ოთხი ქულა დააგროვეს და გათამაშების ლიდერები არიან.