გიორგი ლორია „დინამო თბილისის“ რეკორდსმენია #1TVSPORT
გიორგი ლორია „დინამო თბილისის“ რეკორდსმენია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მეკარემ, გიორგი ლორიამ ეროვნულ ლიგაში გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, რისთვისაც კლუბის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ წყალტუბოს „სამგურალთან“ თამაშამდე ის სიმბოლური მაისურით დააჯილდოვა.

ლორია რეკორდსმენი 198 მატჩით გახდა, ხოლო უშუალოდ „სამგურალთან“ შეხვედრა მისთვის 199-ე იყო „დინამოს“ რიგებში.

ლორია „დინამო თბილისის“ აკადემიაში 17 წლის ასაკში გადავიდა, საიდანაც მთავარ გუნდში დააწინაურეს. სადებიუტო შეხვედრა 2005 წელს ჩაატარა. გუნდში ზედიზედ ცხრა სეზონი გაატარა და კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა – კარიერა ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო.

ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ივნისში „დინამოს“ დაუბრუნდა და 2024 წლის 15 მაისს „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა. სეზონის ბოლოს, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ტურნირის შემდეგ გიორგი კარიერას ნიქოზიის „ომონიაში“ აგრძელებდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.

ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2008 წლიდან იყო. ეროვნული გუნდის მაისურით 79 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეებს შორის რეკორდსმენია. 2025 წლის ივნისში მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.