გიორგი ლორია ბელარუსთან მატჩზე - მისი გამართვა შემოდგომაზეც წარმოუდგენელია [ვიდეო]

გიორგი ლორია ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის მატჩის წელს ჩატარებას გაუმართლებლად მიიჩნევს – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„ჯერ უეფაშიც არ იციან, პანდემიის გამო რა და როგორ იქნება და აღამსკომის სხდომა კიდევ ერთხელ ამიტომაც გადადო. ჩემი აზრით, ამ მატჩების გამართვა შემოდგომაზეც ვერ მოხერხდება – დიახ, შემოდგომაზე ნებისმიერი შაბათ-კვირა შეიძლება შეარჩიონ და თამაშები ჩასვან. მაგრამ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, რადგან მოსამზადებლად საჭირო დრო არ იქნება. ასეთი დიდი პაუზისა და ჩავარდნის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება, რომელზეც ფაქტობრივად, ქვეყნების საფეხბურთო ბედია დამოკიდებული, დასაფიქრებელია და არ შეიძლება – მით უფრო, ცარიელ ტრიბუნაზე. უფრო ლოგიკური იქნება, ერთა ლიგის ნახევარფინალბი 2021 წლის მარტში გაიმართოს. მანამდე მეტ-ნაკლებად ვითარება ლიგებშიც დალაგდება და კალენდარიც გაწერილი იქნება – რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად. ამავე დროს, ნაკრებებს ამ თამაშებისთვის კარგად მოსამზადებლადაც უფრო დიდი დრო ექნებათ“, – ამბობს გიორგი ლორია.

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ კვიპროსში ჩემპიონატის შეწყვეტაზეც ილაპარაკა, სადაც ჩემპიონად „ომონია“ გამოაცხადეს, ხოლო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტას „ანორთოსისი“ – ვიცე-ჩემპიონად და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

„სეზონის განახლება ერთადერთი ჩვენს გუნდს სურდა. იგივე ლარნაკას აეკ-მა მხოლოდ ბოლოს განაცხადა, რადგან ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი მიეცემოდა და მათი გეგმა მარტივია. მთელი სეზონი პირველ ადგილზე ვიყავით, მეორეზე კი კი მხოლოდ ბოლო ორ ტურში გადავედით – არა ქულებით, არამედ ბურთებით. კონკურენტს ურთიერთშეხვედრებში ვერ ვაჯობეთ, მაგრამ ყველა სხვა პარამეტრებში წინ ვართ – მაგალითად, მოგებული თამაშებით და ბურთების სხვაობით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩემპიონატის ჩაშლის მომხრე არ იქნები. მიმაჩნია, რომ პირველი ადგილი ჩვენ უფრო დავიმსახურეთ. ყველა იძახდა – კვიპროსის ჩემპიონატი იმიტომ შეწყდა, რომ კლუბებს ხელფასების გადახდა არ უნდოდათ. ეს იყო რეალური მოტივი, თუმცა, აცხდებდნენ, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ“, – აცხადებს ლორია.

მისი თქმით, ფინანსური პრობლემები „ანორთოსისაც“ შეექმნა: „ეს პრობლემა მსოფლიოში ყველა გუნდს შეეხო და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ჩვენი გუნდია. ამის შესახებ ადმინსიტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან გარკვეული დავალიანება აქვთ. ევროპის ლიგაზე თამაშამდე ასეთი მდგომარეობა სასიამოვნო არაა. მაგრამ იმედია, ერთმანეთს გავუგებთ და ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ“.

34 წლის ნაკრების მეკარემ საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა: „გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ხელშეკრულება ისეთი წესითაა გაფორმებული, რომელიც კლუბის დატოვების უფლებას მიტოვებს. კლუბს ნამდვილად არ ვეძებ. მაგრამ უკეთეს წინადადება თუ გამოჩნდება, დავფიქრდები და განვიხილავ, კარიერის გაგრძელება სად მირჩევნია“.

დატოვე კომენტარი