გიორგი ლორია - არ მინდა, რომ სანაკრებო პერიოდი დასრულდეს, მაგრამ ასე არ ხდება #1TVSPORT
გიორგი ლორია - არ მინდა, რომ სანაკრებო პერიოდი დასრულდეს, მაგრამ ასე არ ხდება #1TVSPORT

გიორგი ლორიამ ფარერის კუნძულების ნაკრებთან „ჯვაროსნების“ ფორმა 79-ედ მოირგო, საქართველოს ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა და გულშემატკივრებმა და თანაგუნდელებმა ემოციურად გააცილეს.

გამოცდილმა მეკარემ მატჩის პირველ არხთან შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მიჭირს საუბარი. სიმართლე გითხრათ, არ მინდა, რომ ეს დასრულდეს, მსურს, მუდამ გაგრძელდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ყველაფერს თავის დრო და დასასრული აქვს. ფეხბურთისთვის თავის დასანებებლად საუკეთესო დრო არ არსებობს, მაგრამ ეს დღე მაინც მოდის.

ბოლო მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, როდესაც ამდენი ადამიანი ასეთ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს – დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ეს იყო საუკეთესო დღე, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. ვამყობ, რომ ვარ ქართველი – უღრმესი მადლობა, საქართველო.

ახალგაზრდებს ვეტყვი, არ გაჩერდნენ და უყვარდეთ ფეხბურთი – სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვა. ყველა ვარჯიშზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო და შენი საქმის პროფესიონალი იყო, ამის ნათელი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში თამაში სპორტსმენისთვის კარიერის მწვერვალია.

ჯერ კიდევ მინდა თამაში და ვფიქრობ, დღეს ვაჩვენე, რომ ეს შემიძლია. გაჩერებას არ ვაპირებ, საკლუბო ფეხბურთში ვრჩები და კარგ შეთავაზებას დაველოდები, სადაც ჩემი კარიერა ლამაზად და კარგად გაგრძელდება. ფეხბურთელობის  შემდეგ კი მწვრთნელობა მინდა.

ფეხბურთიდან ვერ წავალ, რადგან მთელი ცხოვრება მინდორზე გავატარე და კარიერის შემდეგაც, მინდა, ამ სფეროში დავრჩე და მომავალ თაობებს დავეხმარო, ჩემი ცოდნა გავუზიარო, მათ გვერდზე ვიყო და ერთად მივაღწიოთ წარმატებებს“.