გიორგი ლომია - დღეს ბავშვებს ასწავლიან, რომ ერთსქესიანი ქორწინება არის ნორმა, რომ მამაკაცმა უნდა ჩაიცვას ქალის კაბა, იმას კი არა, რა არის სამშობლო და როგორ უნდა გიყვარდეს მშობელი
გიორგი ლომია - დღეს ბავშვებს ასწავლიან, რომ ერთსქესიანი ქორწინება არის ნორმა, რომ მამაკაცმა უნდა ჩაიცვას ქალის კაბა, იმას კი არა, რა არის სამშობლო და როგორ უნდა გიყვარდეს მშობელი

ნორმალურ სახელმწიფოში ვინმეს რომ ეთქვა, შეგიძლია თავი დააღწიო ჯარს, თუ შპს ეკლესიაში გაწევრიანებდიო, რას უზამდნენ იმ შპს ეკლესიას, – ასეთი კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა გიორგი ლომიამ კოლეგებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯერ არავინ დასჯილა.

„დაახლოებით ხუთი დღეა, „ფეისბუქზე“ ტრიალებს რგოლი, სადაც ლგბტ-ების წარმომადგენელი ცეკვავს, აბიჯებს ბიბლიას, შეურაცხყოს ხატებს და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯერ არავინ დასჯილა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ არიდებენ თავს ახალგაზრდები ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლას და რატომ მიმართავენ თაღლითურ ხერხს, სადღაც ფორმდებიან ეკლესიის მსახურად და ჯარში სამსახურს თავს არიდებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საბავშო ბაღში, სკოლებში მათ ასწავლიან, რომ ერთსქესიანი ქორწინება არის ნორმა, რომ მამაკაცმა უნდა ჩაიცვას ქალის კაბა, იმას კი არ ასწავლიან, რა არის სამშობლო, როგორ უნდა გიყვარდეს მშობელი, არამედ ასწავლიან, რომ მშობელს შეგიძლია უჩივლო, თუ დაგიყვირა და სკოლა, სახელმწიფო გვერდში დაგიდგება. პატივისცემა დაიკარგა შვილსა და მშობელს შორის“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

მისივე თქმით, არსებული ვითარება ხელისუფლების ბრალია.

„უმრავლესობას მივმართავ – თქვენ მიიღეთ კანონი და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პიროვნული განვითარების უფლება ყველას აქვს. მესმის, რომ ყველა უნდა განვვითარდეთ, განვითარებაში
პროგრესულ განვითარებას ვგულისხმობ. ადამიანი, რომელიც გამოდის და ქადაგებს, მარიხუანის მოწევას, ამბობს, რომ შეგიძლიათ ჯარს თავი დააღწიო, თუ ჩემთან გაწევრიანდები, ასეთი ადამიანი არ ისჯება, კანონი იცავს.

დღეს რომ გამოვიდეს ვინმე და შენიშვნა მისცეს ლგბტ წარმომადგენელს მასმედიის მეშვეობით, უბრალოდ შეჭამენ, ყველა უწოდებს მას ბნელს, „გრუზინს“, ამაშიც სახელმწიფო ხელს უწყობს, რადგან მას უფრო მეტი დაცვა აქვს, ვიდრე კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი. ნორმალურ სახელმწიფოში ვინმეს რომ ეთქვა, შეგიძლია თავი დააღწიო ჯარს იმით, რომ შპს ეკლესიაში გაწევრიანებდიო, რას უზამდნენ იმ შპს ეკლესიას. ჩვენ ვერ ვზრდით ახალგაზრდებს, რადგან სამშობლოს სიყვარულს არ ვასწავლით“, – განაცხადა გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.