გიორგი ლაცაბიძე „დილას“ დაემშვიდობა - მატჩიდან მატჩამდე ერთმანეთს ვაძლიერებდით
გიორგი ლაცაბიძე „დილას“ დაემშვიდობა - მატჩიდან მატჩამდე ერთმანეთს ვაძლიერებდით

გიორგი ლაცაბიძემ გორის „დილა“ დატოვა და კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს. მოთამაშემ „დილას“ და ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გაადუხადა.

„მოგეხსენებათ, გორის „დილა“ დავტოვე და კარიერას „საბურთალოში“ გავაგრძელებ. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ საიმისოდ, რომ კლუბს სეზონის ბოლოს მაქსიმალურად მაღალი შედეგები ჰქონოდა. საბოლოოდ, ჩვენ „დილას“ ევროტურნირებზე დაბრუნება შევძელით. მინდა, ეს ფაქტი მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გუნდის ეს წარმატება გაუხარდა. მადლობას გიხდით კლუბის თითოეულ ფეხბურთელს, კლუბს და გულშემატკივარს – მატჩიდან მატჩამდე ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებდით და „დილას“ მაქსიმალური წარმატებისთვის ვიბრძოდით. რაღაც გამოგვივიდა, რაღაც – ვერ, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ აქ გატარებულ პერიოდს ყოველთვის კარგად გავიხსენებ. გემშვიდოებებით ძალიან დადებითი ემოციებით და მომავალში გისურვებთ წარმატებებს“, – წერს გიორგი.

გიორგი ლაცაბიძე ხაშურელია, მაგრამ გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. კარიერა ლიგა 2-ის „ცხინვალში“ დაიწყო, 2018 წელს „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა, 2019 წლის ზაფხულში „რუსთავში“ ჩაირიცხა, 2020 წელს გორის „დილაში“ მიიწვიეს, სადაც დასრულებულ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 ყვითელი ბარათი მიიღო.